07 სექტემბერი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა. ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ბანაკი გახსნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დამფუძნებელმა, ლევან გოგიამ.

ბანაკში მონაწილეობას იღებს კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 100 მოსწავლე მთელი საქართველოდან. მათ, პროექტის ფარგლებში, სრულად დაუფინანსდათ ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. 7 დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები იცხოვრებენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსში და გაეცნობიან საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების აქტუალურ საკითხებს და მიიღებენ საწყის ცოდნას ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომში მათ დაეხმარება STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

7 დღის განმავლობაში მოსწავლეები:

  • იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე
  • მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიქსზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე
  • გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში
  • ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს
  • მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრში

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ.

რეგიონების მიხედვით მონაწილეები ასე გადანაწილდნენ:

  • თბილისი - 19
  • კახეთი - 10
  • მცხეთა-თიანეთი - 3
  • სამეგრელო- ზემო სვანეთი - 10
  • აჭარა - 10
  • შიდა ქართლი - 11
  • ქვემო ქართლი - 10
  • იმერეთი - 10
  • გურია - 9
  • რაჭა - 2
  • სამცხე ჯავახეთი - 5

ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯეოლაბთან, ედისონთან, ინოვაციების მხარდაჭერის ფონდთან და ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტთან ერთად.