ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დისტანციური სწავლება პლატფორმა EDUPAGE-ისა და ZOOM-ის მეშვეობით მიმდინარეობს

ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ გაზაფხულის სემესტრი გეგმიურად 16 მარტს დაიწყო, ბუნებრივია, დისტანციურ რეჟიმში.

დისტანციური სწავლების პროცესში სკოლამ თავიდანვე შერეული სწავლების პრინციპი (ე.წ. Blended Learning) აირჩია.

დისტანციური სწავლების რეჟიმის ძირითად პლატფორმად შეირჩა EDUPAGE-ი, რომელსაც სკოლა დაარსების დღიდან ფლობს და მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ნაცნობი ფუნქციონალი აქვს.

ახალი საჭიროებებიდან გამომდინარე, სკოლამ, მცირე ვადებში, პლატფორმა აღჭურვა განახლებული ფუნქციონალით, რამაც შესაძლებელი გახადა დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავლეებისათვის ვირტუალურ საკლასო ოთახში შეგვეთავაზებინა:

  • ვიდეო და აუდიო ლექციები;
  • პრეზენტაციები და სხვა დამატებითი სასწავლო მასალები;
  • ტესტები;
  • მასწავლებლებთან ინტერაქციისა და უკუკავშირის შესაძლებლობა.

სასწავლო პროცესში, ასევე, დამხმარე საშუალებად გამოიყენება პლატფორმა ZOOM-ი , მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დამატებითი ინტერაქციის უზრუნველყოფის მიზნით.

სწავლის დაწყებამდე, პროგრამული და ტექნიკური გადამზადება გაიარა სკოლის უკლებლივ ყველა პედაგოგმა და, აგრეთვე, პირველი კვირის განმავლობაში, ტექნიკური მხარდაჭერა მიიღო ყველა იმ მასწავლებელმა, რომელიც მსგავსი სახის დახმარებას საჭიროებდა.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური კალენდარი გეგმიურად მიმდინარეობს და უცვლელია, სასწავლო პროცესი კი ფარავს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საგანს. ჯამში, EDUPAGE-ში 830 ვიდეოგაკვეთილი განთავსდა.

ატვირთული ვიდეობის ნახვის მაჩვენებელი და ZOOM-ით განხორციელებულ გაკვეთილებში მოსწავლეების ჩართულობის მაჩვენებელი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ მცირე ვადებში ეფექტურად გაართვა თავი ახალ გამოწვევას.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას გაწეული შრომისთვის.