პირველადი დახმარების ტრენინგი

 პირველადი დახმარება არის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა დაზიანებული ან უეცრად ავადმყოფი პირისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე არ იმყოფება ექიმი ან დაზარალებული არ არის ჰოსპიტალში. ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს დრო, ხოლო გარშემომყოფებს ეკისრებათ ვალდებულება, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელი შეუწყონ ადამიანის მდგომარეობის სტაბილიზაციას და სიცოცხლის შენარჩუნებას, მანამ სანამ პროფესიული სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი გახდება.

პირველადი დახმარების ეფექტური გაწევისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, ასევე გადაუდებელ ვითარებაში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი.

სწორედ აღნიშნული უნარების განვითარებას ემსახურებოდა „პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი“, რომელიც ჩაუტარდათ ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლის 2025 წლის კურსდამთავრებულებს.

ტრენინგს უძღვებოდა ,,First Aid Center’’ - ის ტრენერი ირაკლი ხეჩიკაშვილი.

პირველადი დახმარების ტრენინგი მოიცავდა შემდეგ მოდულებს:

  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი;
  • დეფიბრილაცია;
  • უცხო სხეული სასუნთქ გზებში;
  • სისხლდენა.

ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, შეფასებისა და უკუკავშირის ფორმებს. ყველა აქტივობაში მოსწავლეები სრულად და აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის ეფექტურ ათვისებას და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებულ სწავლებას.

ტრენინგის კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეიძინეს შემდეგი მნიშვნელოვანი უნარები:

  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მნიშვნელობა და პრინციპები;
  • გადაუდებელ შემთხვევებში პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, მდგომარეობის მართვა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად გამოძახება;
  • საჭიროების შემთხვევაში გულ-ფილტვის რეანიმაციის სწორი და ეფექტური ჩატარება;
  • დეფიბრილაციის საჭიროების სწორად განსაზღვრა და თანმიმდევრული მოქმედება;
  • სიხლდენის სწრაფი და ეფექტური შეჩერება, ჭრილობაზე ნახვევის სწორად დადება;
  • საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმისთვის შემთხვევის ადგილას დახმარების სინქრონიზებულად გაწევა.

ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლის კურსდამთავრებულებმა ტრენინგი წარმატებით გაიარეს და პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების დაუფლების დასტურად გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგი ჩატარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ბიოლოგიის პედაგოგის დიანა გოგიჩაიშვილის ორგანიზებით.