ფერების კვირეული - თეთრი
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფერების კვირეული, თეთრი ფერით დაიწყო!
თეთრი ნეიტრალური ფერია, ფერწერაში ის სხვა ფერების გასაღიავებლად გამოიყენება.
თეთრი სიწმინდის, სტერილურობის და უსასრულობის ფერია და ასოცირდება სინათლესთან, სიცხადესთან და ახალ საწყისთან. ფერწერულ ტილოებში ან კედლის მხატვრობაში თეთრი ხშირად წარმოადგენს სივრცეს ან ფონს, სადაც ყველაფერი იწყება და უსასრულოდ გრძელდება.
ხელოვნებაში ფერი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამომსახველი საშუალებაა. ის სიტყვების გარეშე მეტყველებს ემოციებით, განწყობილებით, შთაბეჭდილებებით. მხატვრები მათ მხოლოდ სურათის დასახატად და რეალობის გადმოსაცემად როდი იყენებდნენ, არამედ იმისთვისაც, რომ ემოციები, იდეები და ღირებულებები გამოეხატათ.
ფერები მოქმედებს ჩვენს არჩევანზე, სამოსის ფერზე, საცხოვრებელი სახლების ინტერიერსა და დიზაინზე, სარეკლამო ბანერებზე და ა.შ. სწორედ ფერია ის უსიტყვო გზავნილი, რომელიც ჩვენს ქვეცნობიერში აღწევს და გავლენას ახდენს ჩვენს ემოცია-განწყობილებაზე და ხშირად გადაწყვეტილებებზეც.
გავიხსენოთ– რას ნიშნავს ძირითადი და შედგენილი ფერები?
ბუნებაში 3 ძირითადი ფერია: წითელი, ყვითელი და ლურჯი. ეს ფერები ვერ მიიღება სხვა ფერების შერევით და წარმოადგენენ საფუძველს ყველა დანარჩენი ფერისთვის.
შედგენილი ფერები მიიღება ორი ძირითადი ფერის შერევით:
- წითელი + ლურჯი = იისფერი
- წითელი + ყვითელი = ნარინჯისფერი
- ლურჯი + ყვითელი = მწვანე
შედგენილი ფერები „სესხულობენ“ ძირითადი ფერების თვისებებს და თავისებურად გარდაქმნიან ისე, რომ ახალი ფერი იბადება.