დედაენის დღე

14 აპრილს საქართველოში "დედაენის დღე" აღინიშნება.

1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოთქვა მტკიცე პროტესტი, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყეს. 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირამდე მოეწყო მრავალათასიანი მსვლელობა და დემონსტრაცია. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი საქართველოში "დედაენის დღედ" გამოცხადდა.