მოსწავლეთა ტესტირება მათემატიკაში რობოტიკის კლუბისთვის

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში რობოტიკის კლუბისთვის მათემატიკაში მოსწავლეთა შესარჩევი ტესტირება ჩატარდა.

ტესტირების შედეგად გადაირჩევიან მოსწავლეები, რომლებიც მოემზადებიან რობოტების პროგრამირებაში. V-VI კლასის ასაკობრივ კატეგორიაში შეირჩევა ხუთი მოსწავლე, ამდენივე - VII-VIII კლასის ასაკობრივ კატეგორიაში.

რობოტიკის კლუბის მოსწავლეებიდან მეცადინეობებზე გამოვლენილი ცოდნისა და უნარების საფუძველზე თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გადაირჩევა და დაკომპლექტდება თითო ჯგუფი (3 მოსწავლის შემადგენლობით), რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ,,მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაში“.

მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა, რომელიც იმართება 2004 წლიდან, გამოწვევებით სავსე შემეცნებითი კონკურსია, სადაც მონაწილეები - მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდები ქმნიან და აწყობენ რობოტებს, რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს უვითარდებათ შემოქმედებითი აზროვნება, დაგეგმარების და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები.

დღესდღეობით მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადა იმართება 70 სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილე ქვეყნებისა და გუნდების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. თითოეული ქვეყნის შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის საერთაშორისო ფინალში, რომელიც ტარდება ყოველი წლის ნოემბერში, სხვადასხვა მასპინძელ ქვეყანაში.